"უარი საწვავის ფასებს" — ასე ჰქვია საპროტესტო ტალღას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილი ბენზინის გაძვირებას აპროტესტებს. ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ, არ ისარგებლონ ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურებით. მათი აზრით, ეს აიძულებს კომპანიებს, საწვავი გაიაფდეს. ამასთანავე, პროტესტის მონაწილეები სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებენ ფოტო-ვიდეო მასალებს და ამტკიცებენ, რომ ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი დაცარიელებულია.

გარდა ამისა, ისინი აპროტესტებენ ვისოლ ჯგუფის დირექტორის, სოსო ფხაკაძის განცხადებას, რომ საერთაშორისო ფასების ზრდის გამო საქართველოში საწვავის ღირებულება უფრო მაღალი უნდა იყოს. ამიტომ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ კომპანიის მიმართ ისმის და პირველი სამიზნეც სწორედ ის იყო.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანი იყო ერთი კომპანიის საწვავზე უარის თქმით სხვა კომპანიები გაეფრთხილებინათ, რომ ფასის არდაწევის შემთხვევაში მათაც იგივე ელოდებოდათ. თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღეს — ფასები სხვა კომპანიებმაც გაზარდეს, ამიტომ პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ყველა ბრენდირებულ საწვავს. ისინი კვირას, 14 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მომხმარებელთა რეაქციას ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებით არის განპირობებული. მათი ინფორმაციით, ბარელი ნავთობის ფასი 1 სექტემბრიდან მოყოლებული ლონდონის ბირჟაზე 10,49 დოლარით, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე 13,34 დოლარით არის გაზრდილი.

"ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა ნავთობზე, რაც აიხსნება მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკების გახსნით. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, ამას ძირითადში განაპირობებს "ოპეკი +"-ის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდების მიუხედავად — მომხდარიყო ნავთობის მოპოვების გაზრდა, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამართულ "ოპეკი +"-ის შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში გაზრდასთან დაკავშირებით", — ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ ერთადერთი თეორიული ბერკეტი, რისი საშუალებითაც საწვავზე ფასები შეიძლება დასტაბილურდეს, ე.წ. მცურავი აქციზის გადასახადის შემოღებაა, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას გულისხმობს.

საქართველოში, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ერთი ლიტრი სუპერის ტიპის საწვავი საშუალოდ 3,38 ლარი ღირს. საქსტატის მიხედვით, ბოლო ერთ წელში ბენზინის ღირებულება 42,6%-ით გაიზარდა. ოქტომბერში წლიურად გაძვირებულ 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს შორის ბენზინი მე-12 ადგილზეა.

ქვეყანაში საწვავზე ფასების ცვლილებაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. ბოლო ერთ წელში ნავთობზე ფასები გაიზარდა, რაც მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება — ეს კი, თავის მხრივ, კოვიდ-კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესთან არის დაკავშირებული.

ბოლო მონაცემებით, ბარელი ნავთობის ფასი 81-დან 84 დოლარამდე მერყეობს. უფრო კონკრეტულად, 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 82,87 დოლარი შეადგინა. Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი კი ბარელზე 81,59 დოლარი გახდა. Bank of America ელოდება, რომ მომავალი წლის ივნისში ბარელი ნავთობის ფასი 120 დოლარს მიაღწევს.

რაც შეეხება აქციზის გადასახადს, როგორც ცნობილია, ის საქართველოში 2017 წლის დასაწყისში გაიზარდა. 1 ტონა ბენზინის აქციზური გადასახადი გაორმაგდა და 250-დან 500 ლარამდე გაძვირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის გაუფასურება უცხოურ ვალუტაში შეძენილი პროდუქტის გაძვირებას იწვევს, რადგან იმპორტირებული პროდუქტის შესაძენად უფრო მეტი ლარის გაღება ხდება საჭირო. წლიურ ჭრილში ლარი დოლართან მიმართებით 2,4%-ით არის გამყარებული. გასული წლის ოქტომბერში ერთი დოლარის საშუალო ღირებულება 3,22 იყო, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი — საშუალოდ 3,14 ლარი. შესაბამისად, თუ წლიურ ჭრილში განვიხილავთ, ლარის დოლართან გაცვლით კურსს საწვავის ფასის ზრდაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ სპეციალისტები საქართველოში საწვავზე ფასების ზრდას უმთავრესად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებას უკავშირებენ და გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან აქციზის გადასახადის დაკორექტირებაში ხედავენ. მომხმარებელთა ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი.