ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ 11:00 საათზე 4 სხვადასხვა ლოკაციაზე აქციები გაიმართება, მათ შორის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. მელია არ ასახელებს მე-4 ლოკაციას.

"არანაირი დაღლა, ყოველდღე დილიდან გვექნება გეგმა, ყოველი დღის ბოლოს მომდევნო დღის გეგმებს თქვენ შეგატყობინეთ, რამდენიმე წერტილთან მიმართებაში, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცდანიშნულების რაზმებმა, პროკურორებმა თუ პოლიციის უფროსებმა.

ღამის თენება არ არის აუცილებელი, ეს არ არის რაციონალური და პრაგმატული, მაგრამ დილიდან მთელს თბილისში, ჯერჯერობით, გაშლა ამ პროტესტის ხვალინდელი დილიდან მოხდება და ამას დაინახვათ თქვენც, გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაკეთებდით, გავაკეთებთ იმას, რაც ატიპიურია ჩვენთვის, მიჩვეულები ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ამით ჩვენ ამოსუნთქვის შესაძლებლობას ვაძლევდით ხელისუფლებას, ახლა ვაკეთებთ საპირისპიროს და თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება, სანამ მთელი თბილისი არ იქნება საპროტესტო აქციებით მოცული", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ ხვალ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება ისე, როგორც დაგეგმილია, მაშინ 11-საათიანი აქციების შემდეგ, საქალაქო სასამართლოსათანაც შეიკრიბებიან.