ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 17 წლის მოზარდის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, 12-საათიანი პერსონალური ასისტენტის დანიშვნა დაავალა. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი ხელისუფლება დაავალდებულა მოზარდისთვის მხარდაჭერა და პერსონალური ასისტენტების ზრუნვის საათები გაზარდოს. ამავე დროს მთავრობამ კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ ამ დახმარების გაზრდაზე უნდა იზრუნოს. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 8 ოქტომბერს მიიღო.

საუბარია 17 წლის ბავშვზე, რომელიც დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, აქვს აუტისტური სპექტრის დარღვევა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენა და ქცევის აშლილობა. PHR-მა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ეროვნულ სასამართლოებს 2021 წლის აგვისტოში მიმართა. PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ საქმეზე მიმართეს არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ორი ინსტანციის სასამართლოს და ორივე ინსტანციამ დროებითი ზომის გამოყენების აუცილებლობა ვერ დაინახა.

"სტრასბურგის სასამართლოს აქამდე არ აქვს გაცემული დროებით ზომა, რომელიც ბავშვებს ან შშმ ბავშვებს შეეხებოდა. ეს ნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა ეს დარღვევა, რომ დროებით ზომებს მიმართა, რაც ნიშნავს რომ გადაუდებლად უნდა შეასრულოს სახელმწიფომ", — განმარტავს იურისტი ანა არგანაშვილი.

უფლებადამცველის თქმით, ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გარდამტეხია, რადგან სიგნალია სახელმწიფოსთვის, რომ შშმ პირთა უფლებებზე მთავრობაა პასუხისმგებელი.

PHR-ში აცხადებენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ბავშვი საკუთარ თავს და დედას მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდა, რითიც საფრთხეს უქმნიდა თავის და დედის სიცოცხლეს.

"მიუხედავად იმისა, რომ PHR-ის სამართალწარმოების შედეგად მთავრობას უკვე შემუშავებული ჰქონდა 12-საათიანი პერსონალური ასისტენტის მომსახურება, მოზარდი ამ მომსახურებას მაინც ვერ იღებდა, რადგან უშუალოდ სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია მის მიწოდებაზე მთავრობის მიერ დადგენილი არაადეკვატური პირობების გამო უარს ამბობდა", — აღნიშნავენ PHR-ის წარმომადგენლები.