სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, სახალხო დამცველის მიმართვის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დაიწყეს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს მუხლი გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, დაკავებული ადამიანის ჯგუფურად დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის გამოკითხვის მიზნით უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან და გამოკითხვის შემდეგ დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 2021 წლის 08 ნოემბერს, მ. სააკაშვილის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით", — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

მათივე თქმით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებენ. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ითანამშრომლებს მიხელ სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან, გამოძიების პროცესში მათი ჩართულობისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათი სრულყოფილი ინფორმირების მიზნით.