ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსთავის #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში". მისივე განცხადებით, მოითხოვა ამ ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა უარი უთხრეს. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთან ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა", — წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს, კერძოდ, მანქანიდან იძულებით გადაიყვანეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში. ექსპრეზიდენტი წერს, რომ ამ დროს გაუწია წინააღმდეგობა.

"გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა. გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა", — წერს სააკაშვილი.

8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.

მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არასამუშაო საათებია, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ორდინალური ვითარება არ არის. ექიმი კი აცხადებს, რომ 8 ნოემბრის კონსილიუმი სააკაშვილის გარეშე ჩატარდა და ბოლოს გუშინ ნახა.

ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.