ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მელიას თქმით, პროტესტი ძალიან მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი იქნება. ის, ასევე, ამბობს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში განთავსებისთვის ქართული ოცნება მძიმე ფასს გადაიხდის.

"ჩევენ არ დავიშლებით, თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება მანამ, სანამ მოპარულ არჩევნებს უკან არ დააბრუნებენ და სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი პირველ რიგში და მერე არ იქნება ის უზრუნველყოფილი", — განაცხადა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას.

ნიკა მელიამ, ასევე, აღნიშნა, რომ გლდანის ციხესთან აქციას არ გამართავენ, რადგან ეს შეიძლება პროვოკაციად აღიქვან.

მან შეკრებილ მოქალაქეებს კანცელარიის შენობასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა და ასევე, განაცხადა, რომ ხვალიდან აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ.