თანამედროვე ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის რომანის შაშვი შაშვი მაყვალი მიხედვით ფილმის გადაღება იგეგმება.

ამ ეკრანიზაციაზე ქართველი რეჟისორი ელენე ნავერიანი იმუშავებს, რომელსაც აქამდე გადაღებული აქვს ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე და სველი ქვიშა.

"როცა [რომანი] წავიკითხე, წარმოვიდგინე, როგორი შთამბეჭდავი, გამაძლიერებელი და წინააღმდეგობრივი იქნებოდა ამ ისტორიის ეკრანზე ხილვა", — განუცხადა ელენე ნავერიანმა ამერიკულ გამოცემა Variety-ს.

Variety-ს ცნობით, ფილმის პროდიუსერები თომას რეიხლინი და ქეთი დანელია იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი იყო ასევე გახმაურებული შვედურ-ქართული პროექტის და ჩვენ ვიცეკვეთ პროდიუსერი.

წიგნის შაშვი შაშვი მაყვალი ეკრანიზაცია ამჟამად წინასაპროდუქციო ეტაპზეა: რეჟისორი და შემოქმედებითი გუნდი დაფინანსებას ელოდება.

"ეთერო [რომანის პროტაგონისტი] თავის სხეულში რევოლუციურ გზავნილს ატარებს, რომ როგორი სხეულიც არ უნდა ჰქონდეს, ყველა შეიძლება იყოს მშვენიერი და უყვარდეთ. თავად ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ის [ეთერო] თავისებურად ფემინისტია", — აღნიშნავს ელენე ნავერიანი.

შაშვი შაშვი მაყვალი თამთა მელაშვილის მესამე რომანია, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიგო მრავალი ქართველი მკითხველის გული და წიგნი ადგილობრივ ბესტსელერადაც იქცა.

აღსანიშნავია, რომ წიგნის მიხედვით უკვე დაიდგა სპექტაკლიც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში