პარტია დროა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მოუწოდებს პოლიტიკოსების მიერ გამოცხადებულ შიმშილობაზე აზრი გამოხატოს და ამით ექიმების რეკომენდაციების შესრულებას დაეხმაროს. პარტიის წარმომადგენლის ნინო გოგუაძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა დაეკისრება.

"გვინდა მივმართოთ ეკატერინე ტიკარაძეს, დროა მან ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და გამოხატოს აზრი შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. წინააღმეგ შემთხვევაში მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება სჩადის", — განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადადიან: მიიღებენ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში და როგორც კოლაციის წევრები კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციას დაგეგმავენ.

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დროას ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს, 8 ნოემბერს ისევ შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარება გამოუძახეს. როგორც 112-ის ექიმმა მისი გასინჯვის შემდეგ განაცხადა, ამჟამად ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ მოსვლამდე გონების წასვლის ეპიზოდი ჰქონდა.

ხოშტარიას სასწრაფო პარლამენტში გუშინ, 7 ნოემბერსაც გამოუძახეს. მან თქვა, რომ სუსტად არის, მაგრამ დრამატული არაფერი ხდება.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 6 დღის წინ დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

ამავე თემაზე: