ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, დროას ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან მივიდა, რაც გაიგო, რომ ის შეუძლოდ გახდა. სუბარის მოწოდებაა, რომ ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტოს ან გადასხმებს დათანხმდეს.

"სასწრაფო ყოფილა, მოვედი. ამ წუთში უკეთესად არის, თუმცა გასაგებია, რომ შიმშილობის დროს მსგავსი რამ შეიძლება, კიდევ განმეორდეს. კარგად ვიცი, რომ არ გაიზიარებს ჩემს არც თხოვნას, არც მოწოდებას, თუმცა ერთადერთი თხოვნა და მოწოდება ის იქნება, რომ თუ შეწყვეტს შიმშილობას ყველაზე კარგი, თუ არადა, ვთქვათ, გადასხმები მაინც გაიკეთოს, რომ თავის ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს", — აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

აღსანიშნავია, რომ სუბარი ქართული ოცნების მეორე დეპუტატია, ვინც ხოშტარია მოინახულა. მანამდე იქ მისული იყო პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში 3 ნოემბერს დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნაა, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

დღეს ელენე ხოშტარია ისევ შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარება გამოუძახეს. როგორც 112-ის ექიმმა მისი გასინჯვის შემდეგ განაცხადა, ამჟამად ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ მოსვლამდე გონების წასვლის ეპიზოდი ჰქონდა.

ამავე თემაზე: