ალბათ, ყველას შეგვხვედრია ადამიანი, რომელსაც ნემსის ძალიან ეშინია და ამის გამო სხვადასხვა სამედიცინო პროცედურას თავს არიდებს. მათ შორისაა ვაქცინაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

კანადაში მდებარე უოტერლუს უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Cobionix ასეთი პირებისთვის შექმნა რობოტი, სახელად Cobi, რომელიც შიდაკუნთოვან ინიექციას ნემსის გამოყენების გარეშე აკეთებს. ის ამისთვის მაღალი წნევის მქონე თხევად ნაკადს იყენებს, რომელიც დაახლოებით თმის ღერის სისქისაა. ამ მეთოდის საშუალებით, მოწყობილობას პრეპარატის შიგთავსი ქსოვილში შეჰყავს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Cobi უნივერსალური რობოტია, რომელსაც დავალების შესრულება 100 პროცენტით ავტონომიურად შეუძლია, ანუ პაციენტების მიღებისას სპეციალისტთა დახმარებას არ საჭიროებს. მოწყობილობის უპირატესობებიდან აღნიშნავენ მის უსაფრთხოებას, ასევე, ეფექტიანობას მედიკოსთა ნაკლებობის შემთხვევაში.

Cobi დამოუკიდებლად ამოწმებს პაციენტის პირადობის დამადასტურებელ თუ სხვა დოკუმენტებს და ადამიანის სხეულზე არჩევს ადგილს, რომელიც ინიექციისთვის საუკეთესოა. ამის გარდა, მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ რობოტში მცირე ცვლილებების შეტანის გზით, ის სხვა მრავალი მიზნითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მისი განსაკუთრებულობა მაინც ავტონომიურობაში მდგომარეობს, რადგან ამგვარად დაპროგრამებული მოწყობილობების ფუნქციონირება ბევრად იაფი და მოსახერხებელია. როგორც ცნობილია, Cobi-ს დასახვეწად კიდევ 2 წელია საჭირო, რის შემდეგაც მისი წარმოება დაიწყება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე