საერთაშორისო და სამხრეთ აფრიკელ მკვლევართა გუნდმა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში განამარხებული ნარჩენები აღმოაჩინა, რომლებიც ადრეულ ჰომინიდ ბავშვს ეკუთვნის.

როგორც გუნდმა გვაუწყა, მათ ჰომო ნალედის სახეობის წარმომადგენელი ბავშვის არასრული თავის ქალა და კბილები აღმოაჩინეს. იგი დაახლოებით 250 ათასი წლის წინ მოკვდა, როდესაც 4-6 წლისა გახლდათ. ნარჩენები გამოქვაბულის იზოლირებულ ნაწილში იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი განზრახ მოათავსეს აქ, რაღაც საფლავის მაგვარში. ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გაკეთდა.

"განთავსების შემთხვევა კიდევ ერთ საიდუმლოებას გვმატებს იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა "ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულის სისტემის" ამ იზოლირებულ, ბნელ ადგილებში ამდენი ნარჩენი", — განაცხადა გაი ბერგერმა, ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც გუნდს უძღვებოდა.

ჰომო ნალედი ძველი ადამიანის სახეობაა, რომელიც ამომავალი ვარსკვლავის გამოქვაბულში, კაცობრიობის აკვანში იპოვეს. ადგილი იოჰანესბურგიდან 48 კილომეტრში მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით.

სახეობა შუა პლეისტოცენის ერით, კერძოდ 335 000–236 000 წლებით თარიღდება. თავდაპირველი აღმოჩენა, რომელიც ფართო საზოგადოებას 2015 წელს ეცნობა, 1550 ნიმუშისგან შედგება. იგი 737 განსხვავებულ ელემენტსა და მინიმუმ 15 სხვადასხვა ადამიანს წარმოადგენს.

"ჰომო ნალედი ადამიანის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი უძველესი ნათესავია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ", — თქვა ბერგერმა — "ნათელია, რომ ეს პირველყოფილი სახეობაა და იმ დროს არსებობდა, რა დროშიც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ თანამედროვე ადამიანები იქნებოდნენ აფრიკაში. ამ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო ართულებს იმის ჩვენეულ გაგებას, თუ პირველად ვინ რა გააკეთა ქვის კომპლექსურ იარაღთა კულტურებისა და რიტუალური პრაქტიკების გამოგონებასთან დაკავშირებით".

ახალი აღმოჩენა ჟურნალ PaleoAnthropology-ში გამოქვეყნებულ ორ ნაშრომშია აღწერილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.