პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა ოპოზიციურ მერთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის სრულ მზადყოფნას გამოხატავს. მან წალენჯიხის მერს წარმატება უსურვა. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მისმა განცხადებებმა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კანდიდატებს ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ ექნებოდათ, გაუგებრობა გამოიწვია.

"მე ასევე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერმინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტისთვის.

ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც", — განაცხადა მან.

ამასთანავე, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მას არჩეულ მერებთან მჭიდრო და აქტიური მუშაობა ექნება.

წინასაარჩევნო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მერობის კანდიდატების გამარჯვება იქნება "შემაფერხებელი". მისი თქმით, განსაზღვრული დაფინანსება ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ "დამატებითი ბერკეტები" მთავრობის ხელშია.

22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია. ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს" და არ იცის "რამდენი სოფელია ამ ქალაქში", გამარჯვების შემთხვევაში კი, შეუძლებელი იქნება მასთან ურთიერთობა და მოხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის წყვეტა, რაც ზუგდიდელებს დააზარალებს.