პარტია დროას წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან უწყების ხელმღვანელს, რატი ბრეგაძეს საკვები დანამატის ქილები მიუტანეს და ამ პერფორმანსით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ფაფის მიღების ვიდეოს გასაჯაროება გააპროტესტეს.

პერფორმანსის მონაწილეების განცხადებით, ქილები სამინისტროსთან იმის თვალსაჩინოებისთვის მიიტანეს, რომ ეს საკვები არ არის და მოშიმშილე ადამიანს ის სამედიცინო დანიშნულებით ესაჭიროებოდა.

სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი განმარტავენ, რომ ეს არის საკვები დანამატი და არა საჭმელი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.

ინფორმაცია იმაზე, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატებს იღებს, ვიდეოს გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე გაავრცელა. 6 ნოემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა.

აღსანიშნავია, რომ მე-6 დღეა შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. მისი მთავარი მოთხოვნაა, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექიმის ინფორმაციით, ის იღებს მხოლოდ სითხეს და უარს ამბობს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებზე.

7 ნოემბერს პარლამენტში სასწრაფო გამოიძახეს. ხოშტარია აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და მას არ უთხოვია. მისი თქმით, სუსტად არის, მაგრამ დრამატული არაფერი ხდება. სასწრაფოს ექიმის განცხადებით, ხოშტარიამ გადასხმაზე უარი თქვა. მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება.

ამავე თემაზე: