ამერიკელი რეპერის, ტრევის სკოტის, ყოველწლიურ ფესტივალ Astroworld-ზე წელს ტრაგედია მოხდა. ქალაქ ჰიუსტონში გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიამ ნელ-ნელა დაიწყო სცენისკენ მჭიდროდ სვლა. ჭყლეტისგან გამოწვეულ პანიკასა და ქაოსში კი, ოფიციალური უწყებების ცნობით, ასობით ადამიანი დაშავდა, რვა კი დაიღუპა, მათ შორის — 14 წლის მოზარდი.

ჰიუსტონის მერის, სილვესტერ ტერნერის განცხადებით, "ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა" არსებობს, რომლებზეც გამოძიება მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში იმუშავებს.

კითხვები უმეტესად შოუს უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება. ჰიუსტონის პოლიციის განყოფილების 528 თანამშრომელთან ერთად, ამას 755 კერძო დაცვის თანამშრომელი უზრუნველყოფდა.

კონცერტს 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, აუდიტორიაში ჭყლეტა კი საღამოს ცხრა საათის შემდეგ, "გაურკვეველი მიზეზით" დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, მიზეზების საპოვნელად ისინი კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ, მათ შორის, დრონით გადაღებულს.

თუმცა, The Hollywood Reporter-ის ორი წყარო იუწყება, რომ იქ, საიდანაც ქაოსი დაიწყო, პოლიცია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კვალს ეძებდა. რადგან ძიება კონკრეტულ ადამიანებს არ მიემართებოდათ, წყაროები ვარაუდობენ, რომ დამსწრეები თავდასაცავად გარბოდნენ.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე ხმების მიღება დაადასტურა ჰიუსტონის პოლიციის უფროსმა, ტროი ფინერმაც.

ერთ-ერთი შეკითხვა ასევე უკავშირდება იმას, თუ რატომ გაგრძელდა კონცერტი მას შემდეგ, რაც სკოტს რამდენჯერმე მოუხდა შოუს შეწყვეტა ქაოსში მოყოლებული დამსწრეებისთვის დახმარების გასაწევად.

"როგორც კი სცენაზე გამოვიდა, ყოვლისწამლეკავმა ენერგიამ მოიცვა აუდიტორია და სიტუაცია უკონტროლო გახდა", — ჰყვება ერთ-ერთი დამსწრე, ნიაარა გუდსი, — "უცებ კი, ნეკნები გემსხვრევა, ვიღაცის მხარი კისერში გხვდება, ჩასუნთქვას ცდილობ, მაგრამ ვერ ახერხებ".

დაღუპულთა ასაკი 14 წლიდან 27 წლამდე მერყეობს. ამასთან, შექმნილი სიტუაციისგან მიღებული დაზიანებების გამო 25 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, რომელთაგან 13 ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება. ხუთი მათგანი ასევე არასრულწლოვანია.

ტრაგედიის ადგილთან ახლოს დაღუპულებს პატივს მიაგებენ.

ფოტო: Jon Shapley / Staff photographer

სკოტმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო ჰიუსტონის პოლიციას დახმარება აღუთქვა.

"ჩემმა ფანებმა იცით, რამდენად ბევრს ნიშნავთ ჩემთვის. სულ მინდა, თქვენზე დადებითი შთაბეჭდილება დავტოვო", — წერს მუსიკოსი, — "ყოველთვის, როცა ვხვდები, რომ რაღაც რიგზე არაა, შოუს ვწყვეტ და მათ, ვისაც ეს სჭირდება, დახმარების მიღებაში ვეხმარები. უბრალოდ, სიტუაციის ასეთი სიმძიმე ვერაფრით წარმოვიდგინე".

წლევანდელი Astroworld ფესტივალის სამი წლისთავსაც აღნიშნავდა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობის გამო, ორგანიზატორებს ფესტივალის ორ დღემდე გახანგრძლივება მოუხდათ. ამის მიუხედავად, ტრაგედიის გამო, ფესტივალის მეორე დღეს დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.