ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მონასტრიდან ბერების გაშვება "ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებას" შეადარა. ამ მონასტრის ამბიონიდან მან განაცხადა, რომ ეს ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს და დღეიდან ცხოვრება გაგრძელდება "ეკლესიისადმი მორჩილებით და პატრიარქის მოხსენიებით".

"ძირითადად განსაცდელშია ეკლესია, სანამ მოზეიმე ეკლესია იქნება, თუმცა დღესასწაულებიც გაგვაჩნია და დღევანდელი დღეც არის დღესასწაული, რომელიც უფალმა ჩვენ ყველას გვიბოძა და მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო ეს წმინდა მონასტერი. დღეს აქ მსახურება აღესრულა ისე, როგორც შეეფერება მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება მონასტრული, როგორიც აქ უნდა იყოს — ეკლესიისადმი მორჩილებით, პატრიარქის მოხსენიებით და ყველაფერი, რაც არის აუცილებელი ღვთის წინაშე", — განაცხადა მან.

19 სექტემბერს მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. ბერებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს და ადგილზე რჩებოდნენ. 3 ნოემბერს მათ საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ "საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა". წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერდა. ბერებმა ისევ უარი თქვეს ტერიტორიიდან გასვლაზე.

მომდევნო დღეებში ისინი მონასტერში აღარ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მისცემს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, მაგრამ არა ჭყონდიდში. მამა ათინოგენი კი პასუხად აცხადებს, რომ არ მოსცილდებიან იმ ადგილს, სანამ მონასტერში არ შებრუნდებიან.