საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას უხეშ დარღვევად აფასებს. მისი თქმით, საჯარო ინტერესის საგანი სხვა რამეა და ამ ქმედებას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის გარკვეული პოლიტიკური ინტერესი დაეკმაყოფილებინა.

"საჯარო ინტერესი არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ადამიანის უფლებები დაცული და პირველ რიგში, ისეთი უფლებები, როგორიც არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ კუთხით არაფერს აკეთებს პენიტენციური სამსახური", — აცხადებს ის მთავარ არხთან.

სააკაშვილი უკვე 38-ე დღეა შიმშილობს. 6 ნოემბერს, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი "საკვებს იღებს". უწყებამ ვიდეოს გამოქვეყნება "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა. ექიმები და ომბუდსმენი განმარტავენ, რომ ეს არის საკვები დანამატი და არა საჭმელი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.

ეს ინფორმაცია მანამდე, 5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე გაავრცელა, როცა თქვა, რომ სააკაშვილი გარკვეული დროის შემდეგ ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას დათანხმდა. 6 ნოემბერს ამ თემაზე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს შეისწავლიდა. მანვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი 30 ოქტომბრიდან წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ომბუდსმენი აცხადებდა, რომ სააკაშვილი პირველი ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და საკვებს არ იღებს.

აღსანიშნავია, რომ 5 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მეორე დღეს უწყების მიერ კადრების გავრცელების შემდეგ კი უწყებამ განაცხადა, რომ მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას შეისწავლის და კიდევ ერთხელ ისაუბრა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

თავად სააკაშვილი კადრების გამოქვეყნებას სამარცხვინოს და დანაშაულებრივს უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, ვიდეოს გავრცელებით მას ვერაფერი დააკლეს, ხალხი დარწმუნდა, რომ შიმშილობს და "საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება". ის განმარტავს, რომ კადრებში ჩანს, როგორ იღებს დანამატებს სასიცოცხლო მაჩვენებლების დასარეგულირებლად, რაც მანამდეც იყო ცნობილი.