ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონლდ ტუსკმა დღეს, დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის დაწყებაზე პრესკონფერენცია გამართა: "ნამდვილად არ მაქვს იმის მიზეზი, თავი მოვიკატუნო, თითქოს, ბედნიერი დღეა ბრიუსელისა და ლონდონისთვის. ყველაფრის შემდეგ, ევროპელთა უმრავლესობისთვის, მათ შორის, ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევრისთვის, ვისურვებდი, რომ ჩვენ ერთად დავრჩენილიყავით. პირადად მე დღეს ნამდვილად არ ვარ ბედნიერი".

დღეს ფორმალურად დაიწყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი. დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ევროპა კვლავ ერთიანი რჩება: " პარადოქსულია, მაგრამ ბრექსიტში არის რაღაც პოზიტიურიც, მან ჩვენ, 27 სახელმწიფო კიდევ უფრო გაგვაერთიანა. მე სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში, განსაკუთრებით რომის დეკლარაციის შემდეგ. ჩვენ დავრჩებით მტკიცე და ერთიანი".

ტუსკმა აღნიშნა ისიც, რომ დღეისათვის არაფერი იცვლება, სანამ დიდი ბრიტანეთი არ დატოვებს ევროკავშირს, მათი კანონმდებლობა მანამ იმოქმედებს იქ.

პრესკონფერენციის ბოლოს დონალდ ტუსკმა მიმდინარე კვირაში, ბრექსიტთან დაკავშირებული პროცედურები ჩამოთვალა და დიდ ბრიტანეთს დაემშვიდობა: "რა შემიძლია კიდევ დავამატო, ჩვენ უკვე გვენატრებით".

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ, დღეს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოსთვის გასაგზავნ წერილს, რომლითაც ფორმალურად დაიწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არაერთი კენჭისყრისგან და დოკუმენტის ხელმოწერისგან შედგება.

ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 51,9 პროცენტმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. ევროკავშირში დარჩენის მომხრე მხოლოდ 48 პროცენტი აღმოჩნდა.