თბილისი პრაიდი 31 ოქტომბერს უცხოელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას ეფექტური ნაბიჯები ტრანსფობიური ძალადობის დასასრულებლად. პრაიდის თქმით, ეს ფაქტი ქვეყანაში არსებული ტრანსფობიური სიძულვილის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებაა.

"საგანგაშოა საქართველოში არსებული ჰომო/ტრანსფობიური ძალადობრივი კულტურა, რომელიც ნორმალიზებული და წახალისებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფის მიერ. ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონები და პოლიტიკები არსებობს ფორმალურად, რეალურად კი, ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის არცერთ სფეროში არ არის სათანადოდ დაცული", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, სახელმწიფო უარს აცხადებს ჰომო/ტრანსფობიის პრობლემის აღიარებაზე, ხოლო სახელმწიფოს მიერ ძალადობასთან დაპირისპირება მოჩვენებითია. პრაიდის თქმით, მეტიც, იგი უშუალოდ მონაწილეობს ლგბტქ+ ადამიანების დევნაში, რაც ცხადად დაგვანახა 2021 წლის 5-6 ივლისს მოვლენებმა.

"სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფომ გაიაზროს და შეასრულოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულება ძალადობის აღმოფხვრისა და თანასწორობისკენ სწრაფვის პროცესში. აუცილებელი თუმცა არასაკმარისია ძალადობის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირება", — აღნიშნავენ ისინი.

31 ოქტომბერს თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მასაჟის ერთ-ერთ სალონში ცივი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. იგი ბრალს არ აღიარებს.