მთავარი არხის ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო. როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, მისი მოთხოვნაა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

"მე ამ დრომდე ველოდებოდი, ხელისუფლება რა გადაწვეტილებას მიიღებდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მთავრობამ გადაწყვიტა, სააკაშვილი არსად არ გადაიყვანოს სამკურნალოდ. ჩვენ ახლა ვუყურებთ ქართული ოცნების ხელისუფლება, როგორ კლავს მესამე პრეზიდენტს.

ეს არის ჩემი მოთხოვნა, არაფერი განსაკუთრებული — მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვითხოვ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ერთად არ გავხდეთ მომსწრე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალების", — განაცხადა მან.

იმავე მიზეზით, 3 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეს შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.