დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაიწყება ვაქცინაცია 12 წლიდან ასაკის იმ ბავშვებშიც, რომელთაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ. მისი თქმით, ეს საკითხი უკვე განხილული და გადაწყვეტილია.

"საბედნიეროდ, ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჯერჯერობით, არ წარმოქმნილა ისეთი ვარიანტები, რომლებიც მძიმე შედეგებს მოიტანდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პირველი პრიორიტეტია ის ავცრათ, ვინც სასიკვდილო რისკის ქვეშ არის.

რა თქმა უნდა, ბავშვებში ჩვენ 12 წლიდან ვაქცინაციას დავიწყებთ. კი, მათ შორის, იმათი [ვისაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები] ეს საკითხი ექსპერტთა საბჭომ განიხილა და გადაწყვეტილია ეს საკითხი. ახლა ველოდებით, რომ შეიკრიბება იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს და ალბათ, ეს დღეების ამბავია. ასე რომ, ეს ვაქცინაცია, ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დაიწყება", — აღნიშნა მან.

საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრა შეუძლიათ 12-წლიდან ბავშვებსაც.