დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, შეიძლება გარკვეული ზომების, მათ შორის, ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების შესახებ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ცნობილია. მე ვარ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის, განსაკუთრებით, გარკვეული ჯგუფებისთვის, ისეთი, როგორიცაა ჩემი კოლეგები და მასწავლებელი. მაგრამ აქ არის ბევრი სხვა ფაქტორი და შეჯერებული მაინც იქნება ის, რაც ალბათ ძალიან მალე ერთ-ორ დღეში გამოცხადდება, ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს მერე. გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, ვთქვათ, რაც გაიარა ევროპის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდპასპორტების სისტემის ამოქმედება", — აღნიშნა მან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ მწვანე პასპორტის შემოღებაზე უნდა იფიქროს. ამ საკითხზე მსჯელობას საკოორდინაციო საბჭოში ადასტურებენ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. ამასთან, 4 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს არსებულ რეგულაციებს.

დღეს, 5 ნოემბერს ამაზე ისაუბრა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. მისი განცხადებით, მწვანე პასპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პანდემიის პირობებში და ბევრ ქვეყანაში ის ადამიანებს ვაქცინაციის მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარა. დეგნანმა აღნიშნა, რომ ეს ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთვის. ელჩი იმედოვნებს, რომ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ის საქართველოშიც ეფექტური იქნება.