ქუთაისში ახალი, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შეიქმნა, რომელსაც მხარდაჭერას უწევენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდი იუნისეფი (UNICEF).

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის.

დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები აქ 24 საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ.

"ჯერ კიდევ საჭიროა რამდენიმე მსგავსი მომსახურების შექმნა იმისთვის, რომ მოხერხდეს სახელმწიფო დიდი ზომის ინსტიტუციებში დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთავსება ოჯახურ გარემოში" - აცხადებს იუნისეფი.

საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ბრეს საქართველო“, აღნიშნული მომსახურებისთვის ქუთაისში შენობა უზრუნველყო და მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს რეგულაციების თანახმად, მართავს.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუნისეფი, მთავრობას შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში, ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაში, ასევე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, მომვლელების და სოციალური მუშაკების, გადამზადებასა და სერვისის აწყობაში ეხმარება.

იუნისეფის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს, თბილისში, იგეგმება მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების გახსნა.

ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს.