წალენჯიხაში გავლით ვერ მოხვდები — თუ ქალაქის ნახვა გინდა, უშუალოდ იქ უნდა მიდიოდე. პატარაა და სისადავით, უბრალოებითა და სიმყუდროვით გამოირჩევა. გზად ნისლში გახვეული მთები გხვდება და გგონია, რომ სადღაც ძალიან შორს, მიმდინარე ქაოსს მოწყვეტილ ადგილას მიდიხარ.

სინამდვილეში კი, შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაა — ახლა მთელი ყურადღება წალენჯიხისკენაა მიმართული, ადგილობრივებიც და შორიდან დამკვირვებლებიც ელოდებიან, რა შეიცვლება ქალაქში, რომელიც ერთადერთია, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

პირველი, რაც ქალაქში ჩასვლის შემდეგ ვნახე, სწორედ ახალი მერისა და ადგილობრივების შეხვედრა იყო. როგორც ჩანს, აქაურებისთვის გიორგი ხარჩილავა უცხო არ არის.

სანამ წალენჯიხას გავეცნობოდი, შემთხვევითი შეხვედრით ვისარგებლე და ახალ მერს შეთანხმებული ინტერვიუ შევახსენე. მისი ხედვებისა და გეგმების შესახებ იქაურებისთვის საამაყო ტერენტი გრანელის ძეგლთან ვისაუბრეთ. გია ხარჩილავა ამბობს, რომ თავდაპირველად მუშაობას წალენჯიხის წინაშე არსებული პრობლემებით დაიწყებს და პრიორიტეტებს მოსახლეობასთან ერთად განსაზღვრავს. სრული გამჭვირვალობის პირობას იძლევა და საუბრობს ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაჩნდა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, ახალ მერს სურს, წალენჯიხა იყოს ყველგან — განათლებაში, კულტურაში, ხელოვნებაში, სპორტში, ახალგაზრდების და ახალი ლიდერების წარმოჩენაში.

ინტერვიუს ბოლოს ქალაქის საინტერესო ადგილები მირჩია. თუმცა ამ მხრივ გიორგი ხარჩილავა გამონაკლისი არ ყოფილა — თითქმის ყველა წალენჯიხელი, ვისაც შევხვდი, იქაურობაზე მიყვებოდა და მთავაზობდა კონკრეტულ ადგილებს, რომლებიც უნდა მენახა.

ქალაქში საკმაოდ მშვიდი გარემოა. ხალხი ცოტაა და მათი უმეტესობა ბაზარშია გამოსული. ცენტრში არსებული რამდენიმე პარკი თითქმის ცარიელია. ქუჩები მოწესრიგებულია, ვერ ნახავთ დაბინძურებულ და ნაგვით სავსე ადგილებს. გზებიც საკმაოდ გამართულია. ქალაქში შეხვდებით როგორც ძველ, ისე ახალ შენობებს.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

მოსახლეობა მჭიდროდ არის დასახლებული. შეიძლება ითქვას, რომ სახლებს ერთი ღობე ჰყოფს. განსაკუთრებით სუფთა და მოვლილი მეგრული ეზოები აქაც იქცევს ყურადღებას.

უხვადაა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ბანერები, თუმცა აშკარაა, რომ აქ რეკლამის ეს მეთოდი უშედეგო აღმოჩნდა.

ფოტო: ნანა შურღაია / On.ge

ქალაქის ცენტრსა და ბაზარს ერთმანეთისგან მდინარე ჭანისწყალზე აგებული ხიდი ჰყოფს.

ხიდამდე უტუ მიქავას ძეგლია. იგი 1857 წელს სამეგრელოში ბატონ-ყმობის წინააღმდეგ გლეხთა აჯანყების მეთაური იყო.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

წალენჯიხაში ბევრ ახალგაზრდას ვერ ნახავთ, ძირითადად შეხვდებით შუახნისა და უფრო ხანშიშესულ ადამიანებს. ისინი ამბობენ, რომ ახალგაზრდები მუდმივად გადიან ქალაქიდან, რადგან იქ განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ.

ადგილობრივებთან რამდენიმე საკითხზე მქონდა კითხვა. პრობლემებს შორის უმუშევრობას, სიღარიბეს, არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ასახელებენ. დეცენტრალიზაციის იდეაც მოსწონთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველამ იცის, ამან რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს. ტურიზმის განვითარებაც სურთ, განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ სქურის ხეობას, ტერენტი გრანელს და ტობა ვარჩხილს, რომელზეც თურმე წალენჯიხელებსა და ჩხოროწყუელებს შორის მცირე "დავაც" არსებობს.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

თითქოს ყველა ყველას იცნობს, იციან ერთმანეთის ჭირისა თუ ლხინის შესახებ. თვალსშისაცემია მათი თბილი და უშუალო დამოკიდებულება წალენჯიხაში ჩასულის მიმართ.

"რა გნებავს, ბებო", "რით შემიძლია დაგეხმარო, ბაბუ", "ძვირფასო", "საყვარელო" — ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ჩემთან საუბრისას იყენებდნენ. როგორც ჩანს, ძალიან შესამჩნევი იყო, რომ ქალაქში სტუმრად ვიყავი, თუმცა მათი დამსახურებით თავს სულაც არ ვგრძნობდი სტუმარივით.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

კითხვებზე უშუალოდ მპასუხობენ, თუმცა კამერა არ მოსწონთ, ისე საუბარი ურჩევნიათ. მირჩევენ, სხვა ვის შეიძლება ველაპარაკო. ხანდახან კითხვებზე პასუხი არ სურთ და შეწუხებულები ბოდიშს მიხდიან.

იგრძნობა, რომ აქაურებს წალენჯიხა ძალიან უყვართ, ამაყობენ ამ ქალაქით, ისტორიით, ღირსშესანიშნავი ადგილებით და ახლა უკვე იმითაც, რომ ერთადერთები აღმოჩნდნენ.

რადგან ქალაქში პირველად ვიყავი, ტაქსი დავიქირავე, რომლის დახმარებით ღირსშესანიშნაობები უნდა დამეთვალიერებინა. მძღოლი საინტერესო მეგზური აღმოჩნდა და ქალაქის შესახებ სხვადასხვა ამბის თხრობასთან ერთად, ძალიან ცდილობდა, მივეყვანე ყველა საინტერესო ადგილას. თავად გამოთქვამდა ინიციატივას, მირჩევდა და მაჩვენებდა ადგილებს, რომლებიც წალენჯიხას უკეთ გამაცნობდა.

ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ადგილობრივები განსაკუთრებულად ამაყობენ ტერენტი გრანელით. წალენჯიხაში პოეტის სახლ-მუზეუმიც არის, რომელიც, როგორც გვიყვებიან, ოჯახის დამწვარი სახლის საძირკველზე დაშენდა.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

შენობა დაკეტილი დამხვდა, როგორც ჩანს, იშვიათი სტუმარი ვიყავი. თუმცა მითითებულ ნომერზე დარეკვიდან მალევე დირექტორი მოვიდა, კარი გააღო და გიდობაც გამიწია. მითხრა, რომ მუზეუმს საკმაოდ ბევრი მნახველი ჰყავს და აქ ხშირად იმართება პოეზიის საღამოებიც.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

შენობაში ნახავთ ტერენტი გრანელის ხელნაწერებს, საოჯახო ფოტოებს, ოჯახის კუთვნილ, გადარჩენილ ნივთებს. მართალია, სახლი რესტავრირებულია, მაგრამ პოეტის პირადი ნივთები და ხელნაწერები თითქოს ძველ დროში გაბრუნებს.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

2009 წლიდან, ყოველი წლის 10 ოქტომბერს, პოეტის გარდაცვალების დღეს, წალენჯიხაში გრანელობა აღინიშნება. სასულიერო პირები მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში პარაკლისს აღავლენენ, შემდეგ მოსახლეობა პოეტის ნასახლარზე მემორიალურ დაფასთან მიდის, ბოლოს კი ქალაქის ცენტრში მდებარე ძეგლს გვირგვინით ამკობენ.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ტაძარი, რომელშიც პარაკლისი აღევლინება, ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, აგებულია არა უგვიანეს X-XI სა­უკუნეში.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ტაძრის ფასადები სადაა, ინტერიერი — მთლიანად მოხატული. აქ განისვენებენ სამეგრელოს მთავარი, ლევან II დადიანი და მისი ცოლი, დედოფალი ნესტან-დარეჯანი. სხვადასხვა ისტორიკოსი ამბობს, რომ წალენჯიხის მონასტერში მაღალ დონეზე იდგა წიგნების გადაწერის ხელოვნება.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ტაძრის ინტერიერი ვამეხ დადიანის ბრძანებით მოხატეს, კონსტანტინეპოლში მისი დავალებით გამგზავრებულმა ბერებმა ტაძრის მოსახატად საგანგებოდ მოიწვიეს მხატვარი კირმანუელ ევგენიკოსი.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ტაძარი შემაღლებულ ადგილზეა და შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში მთელი წალენჯიხის ხედი იშლება.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

იქვეა სამცაცხვიც — ასე ეძახიან წალენჯიხელები ცაცხვის სამ ხეს, რომელთა ასაკი რამდენიმე ასწლეულს აღწევს.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

წალენჯიხის კიდევ ერთი სიამაყე ლეო ქიაჩელია. იგი სოფელ ობუჯში დაიბადა, სადაც ახლა სახლ-მუზეუმია. შენობას მოვლა-პატრონობის კვალი არ ეტყობა.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

კარი ღია დამხვდა და ადგილზე არავინ იყო. ოთახში შესულმა მწერლის სამუშაო მაგიდა და სკამი აღმოვაჩინე. სხვა ნივთებთან ერთად, მაგიდაზე ნარდიც შევნიშნე. კედლები მორთულია საოჯახო ფოტოებით. სახლ-მუზეუმის მიმდებარედ არის ლეო ქიაჩელის ბიუსტი და მისი სახელობის ბიბლიოთეკაც.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ობუჯში უცხოვრიათ ლეგენდარულ მსახიობსა და კინორეჟისორს: ნატო ვაჩნაძესა და ნიკოლოზ შენგელაიასაც. სწორედ ამ სოფელთან ახლოს, 1953 წელს მსახიობი ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ეზო ახლა მოუვლელი, სახლი კი ცარიელი, მხოლოდ კედლების ამარაა დარჩენილი. სახლამდე მისასვლელი გზაც დაზიანებულია, თუმცა წალენჯიხაში გვითხრეს, რომ მისი მოწესრიგება უკვე დაწყებულია.

ფოტო: On.ge/ნანა შურღაია

ქალაქში წასვლამდე სხვადასხვა წყაროს გავეცანი და სხვა საინტერესო ადგილებთან ერთად, ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ქუაცანცალიამ გამოიწვია. ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია, რომ ეს არის კირქვული ბუნებრივი მასალისგან შემდგარი ლოდი, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას და აქედან ერთი მუდამ ჰაერშია. როგორც წალენჯიხაში ამბობენ, საკმარისია ქვას ხელით ოდნავ შეეხო და ის ზომისა და წონის მიუხედავად ქანაობას იწყებს, თან კაკუნის ხმას გამოსცემს.

ფოტო: ლევან გეჯაძე/Youtube.com

მასთან მისასვლელად მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო, შემდეგ კი დაახლოებით 3 კილომეტრი ფეხით უნდა იარო. ამიტომ ამჯერად მხოლოდ წალენჯიხელების მონათხრობსა და ინტერნეტში ნანახ ფოტოებს დავჯერდი.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ წალენჯიხაში სასტუმროს პოვნა რთული აღმოჩნდა. არის რამდენიმე საოჯახო სასტუმრო, თუმცა ზოგი მხოლოდ სეზონურად მუშაობს, ზოგი კი კორონავირუსის გამო სტუმრებს არ იღებს. ახალი მერი ტურიზმის მიმართულებით მუშაობასაც გეგმავს და თუ წალენჯიხელებს ამ სფეროს განვითარება სურთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ საკითხის მოგვარება უნდა იყოს.

როგორი იქნება წალენჯიხა ხვალ, შეცვლის თუ არა რამეს და როგორ, ამას დრო გვაჩვენებს. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ სიახლეებს და სტუმრებს ელოდებიან.