ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანელ სამართალდამცავებთან ერთად ბარსელონაში სპეცოპერაციის შედეგად სულ 9 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

"მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით — "ბანუს". სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები", — აცხადებენ შსს-ში.

როგორც ადგილობრივი გამოცემა La Vanguardia წერს, კრიმინალურ ჯგუფს ქართველი ძმები ხელმძღვანელობენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულებმა მხოლოდ ერთ ღამეში 5 ბინა გაძარცვეს. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ამოღებულია მოპარული ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით თანხა და ქართული პასპორტები.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ.