Baby Shark პოპულარული საბავშვო სიმღერაა, რომელიც უამრავ პატარას უყვარს. სიმღერამ 1 წლის წინ Despacito-ს რეკორდიც კი მოხსნა და YouTube-ზე ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა. სამწუხაროდ, ამ სიმღერას ოკლაჰომას ციხეში სულ სხვა — წამების დანიშნულება ჰქონდა.

წამებისთვის ოკლაჰომას ციხეს 3 ყოფილი პატიმარი უჩივის. მათი თქმით, 2019 წელს თანამშრომლები დასჯის მიზნით ხელბორკილებს ადებდნენ, კედელთან აყენებდნენ და სიმღერას მაღალ ხმაზე რთავდნენ. ისინი პატიმრებს სიმღერის მოსმენას საათების განმავლობაში აიძულებდნენ. მოსარჩელეები მოპასუხეებისგან ზიანის სახით $75 ათასის ანაზღაურებას ითხოვენ.

სარჩელს თან ერთვის კლინიკური ფსიქოლოგის, ჯონ მეიერის ნაშრომიდან ნაწყვეტი. ნაშრომში ის განმარტავს, რომ ბეიბი შარქის მსგავსი სიმღერის მოსმენამ შესაძლოა, ტვინში მტკივნეული რეაქცია გამოიწვიოს, რასაც სიმღერის მაღალი და გამკივანი ტონები განაპირობებს.

აღნიშნული ქმედებისთვის ციხის 3 თანამშრომელს ბრალი 2020 წელს წაუყენეს. პროკურორის თქმით, მათ მიერ გამოყენებული მეთოდი არაჰუმანური და სასტიკი იყო. 3-დან 2 თანამშრომელი გამოძიების დროს გადადგა, მესამე კი პენსიაზე გავიდა.

ბეიბი შარქი 2016 წელს გამოვიდა და დღემდე YouTube-ზე ყველაზე მეტი — 10 მილიარდამდე ნახვა აქვს. პლატფორმის მიხედვით, სიმღერა 14,5 მილიონ ადამიანს არ მოსწონს. ამ მაჩვენებლით ვიდეო მეორე ადგილზეა.

ამავე თემაზე: