სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო ზოგადად მოსახლეობისათვის უზრუნველყოფს. მათივე განცხადებით, ერთი მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია პატივი სცეს მოშიმშილე პატიმრის სურვილს — უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ეფექტური და დროული მოქმედების გზით თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვას. სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს, შესაბამისი ორგანოების ან/და პირთა მხრიდან მიღებულმა არასათანადო ზომებმა, შესაძლებელია ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი წარმოშვას.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით. საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის", — ნათქვამია განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახურის თანახმად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები წარმოშვას.

"თავისუფლებააღკვეთილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ცალკე აღებული, ცხადია არ არის საკმარისი საპატიმრო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის არაეფექტიანად შესაფასებლად, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით შესაძლოა ეჭვი გააჩინოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მონაცემები.

"ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, ასეთი ინფორმაციის დაცვის მიზნით, აწესებს მკაცრი კონფიდენციალურობის პრინციპს. პირს უნდა ჰქონდეს განცდა და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც მისთვის სწორი დიაგნოზის დასმას და ადეკვატური მკურნალობის გაწევას საფრთხე ექმნება", — აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

მათივე განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის აუცილებელია ბალანსი დაცული იყოს.

"პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება შესაძლოა გამართლებული იყოს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც წესი, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება გამართლებული ვერ იქნება".

კანონმდებლობის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია თავად ამ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობით. ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.


სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 36 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.

პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს.