შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ინციდენტის დროს საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა, ვიდეოკამერა დაზიანდა. აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღეს, დილიდან დაპირისპირება იყო ჭყონდიდში. სალხინოს მონასტერში განკვეთილ სასულიერო პირებს არ უშვებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ეპარქიიდან განკვეთილი ერთ-ერთი სასულიერო პირი, მამა ათინოგენი ამბობს, რომ ეკლესიაში ე.წ. ჩოხოსნები მიიყვანეს, ვისი დახმარებითაც შიგნით აღარ უშვებენ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ ეპარქიიდან განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი 3 ნოემბერს მიიღეს, რომლის მიხედვით, მათ 4 ნოემბრამდე უნდა შეეწყვიტათ "საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა". წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერს.

წერილის ადრესატები იყვნენ:

  • ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკვანი პეტრე);
  • მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი);
  • ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი);
  • თამაზ ხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი);
  • ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი);
  • ბათა ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი);
  • მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი).

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.

მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა. 2021 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებდა. ეპარქიაში დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.

8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა და მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის აივნის მოაჯირი დაინგრა და 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.

11 სექტემბერს მიტროპოლიტმა სტეფანემ ბრძანება გამოსცა და 6 მღვდელმსახური სასულიერო დასიდან განკვეთა. ბრძანების თანახმად, განკვეთილ მონაზვნებს აეკრძალათ მსახურება, საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ შენობებში ცხოვრება, საქმიანობა და საეკლესიო მიწებით სარგებლობა.

მანამდე, 4 აპრილს, სტეფანე კალაიჯიშვილმა 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაადანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა. 8 მარტს კი ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. ისინი მონასტრიდან გამოაგდეს და შენობაში მთელი ღამის განმავლობაში არ უშვებდნენ. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ახლა სხვა ეკლესიამ შეიფარა.