პარტია გირჩი ითხოვს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იყოს. პარტიამ შესაბამისი კანონპროექტი დღეს პარლამენტში დაარეგისტრირა. როგორც გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ იმის გამო, რაც რამდენიმე წელია ლეგალურია ქვეყანაში.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან უნდა ამოიღონ 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნა ან/და გასაღებას.

გირჩის ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულყოფილად აღსრულდეს. კერძოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მცენარე კანაფისა და მისი პროდუქტების ბრუნვა არ გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

"2018 წლიდან საქართველოში კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა", — თქვა იაგო ხვიჩიამ.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ 273-ე პრიმა მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. ამასთან განხილულია საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა.

როგორც პარტია განმარტავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადამიანები აღარ დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით კანაფისა და მისი პროდუქტების ნებისმიერი ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნისათვის. ასევე, ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან ამ მუხლით, სასჯელებისაგან განთავისუფლდებიან.