ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მასთან მისვლა კარგი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია. ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-3 დღეა შიმშილობს.

"გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მთავარი მისი მოსვლის მიზანი იყო უბრალოდ ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი", — აცხადებს ის.

გარდა ამისა, ხოშტარია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის ფორმას გაამწვავებს.

"რაღაცა დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ, ასევე ამ პროტესტის გამწვავებაზე. მერე გეტყვით, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის რაღაცა პოზიორობა პოლიტიკური, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს", — უთხრა მან ჟურნალისტებს.

ელენე ხოშტარიამ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კახა კუჭავა ამ დროისთვის ქართული ოცნების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ხოშტარიასთან მივიდა. დროას ლიდერის შიმშილობას პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გამოეხმაურა, მათ შორის, ირონიულად.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 35-ე დღეს შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.