პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ის დროას ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად მივიდა. მისი თქმით, აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ხოშტარიას ყველანაირი პირობა.

"მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურება. უბრალოდ მაინტერესებდა პირობები აკლდა თუ არა, ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება", — აცხადებს ის.

როგორც მან აღნიშნა, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, სხვა არაფერზე უსაუბრიათ. კუჭავა ქართული ოცნებიდან პირველია, ვინც ხოშტარიას შეხვდა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა ქართული ოცნება ამაზე უარს ამბობს. ხელისუფლების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სწორედ ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანენ. ამის წინააღმდეგია ექსპრეზიდენტი და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.