დროას დამფუძნებელთან, ელენე ხოშტარიასთან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მე-3 დღეა შიმშილობს, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მივიდა. კახა კუჭავა ქართული ოცნებიდან პირველია, ვინც ხოშტარიას შეხვდა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტში 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ხოშტარიას შიმშილობაზე საუბრისას თქვა, რომ "ახლა, შეიძლება, სხვა რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილობა, რომ დაკმაყოფილდეს ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა".

ამას გამოეხმაურა მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, ნინო წილოსანი და განაცხადა, რომ თუ ხოშტარია ამით საზოგადოებასა და სახელმწიფოს აშანტაჟებს, ამას "ნამდვილად ვერ მოუწონებს".

ხოშტარიამ, გუშინ, 4 ნოემბერს ქართული ოცნების დეპუტატებზე თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ უნდათ ყოველდღე ლანძღონ. მისივე განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები მის შიმშილობაზე შეურაცხმყოფელ, ცინიკურ და ზიზღის კამპანიას დაიწყებდნენ.