ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე გაჩენილ ყველაზე გიგანტურ გალაქტიკაში წყალი და ნახშირბადის მონოქსიდი აღმოაჩინეს. ეს მათ ატაკამის უდაბნოში განლაგებული ინტერფერომეტრის ALMA მეშვეობით შეძლეს.

ეს ობიექტი გახლავთ SPT0311-58, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 12.88 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. ის სინამდვილეში 2 გალაქტიკისგან შედგება და რეიონიზაციის ეპოქაშია ფორმირებული, როცა კოსმოსი სულ რაღაც 750 მილიონი წლის იყო. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მატერიის ეს უზარმაზარი სისტემები (როგორსაც მათ ახლა ვხედავთ) შერწყმის პროცესში არიან და ვარსკვლავებს წარმოქმნიან, რომლებიც ამისთვის იქ არსებულ აირის მარაგს იყენებენ. მოსალოდნელია, რომ ისინი მასიურ ელიფსურ გალაქტიკებად გადაიქცნენ.

ფოტო: ALMA

სპეციალისტებმა ზემოხსენებულ ქიმიურ ნივთიერებებს SPT0311-58-ის შემადგენელ უდიდეს გალაქტიკაში, იქ არსებული მოლეკულური ღრუბლის შესწავლისას მიაკვლიეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ჟანგბადი და ნახშირბადი პირველადი ელემენტებია, რომლებიც წყალსა და ნახშირბადის მონოქსიდში მოლეკულური ფორმით სიცოცხლისთვის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ. მათი მსგავსი ნაერთები ამ ობიექტში მრავლად გვხვდება, რაც მისი ზომით არის განპირობებული.

ზოგადად, წყლის მოლეკულა, წყალბადისა და ნახშირბადის მონოქსიდის შემდეგ, სამყაროში ყველაზე გავრცელებულია. ის ასტრონომებს სხვა გალაქტიკების კოსმოსურ მტვერში აქამდეც შეუნიშნავთ. საქმე იმაშია, რომ ეს ნაწილაკები ვარსკვლავთა ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავენ და მას შორეული ინფრაწითელი ფოტონების სახით ისევ ღია სივრცეში უშვებენ. შედეგად, H2O-ის მოლეკულები აქტიურდებიან, რაც მათი სპექტრული კვალის დანახვას ამარტივებს.

ახალი მიგნება მეცნიერებს სამყაროს დასაწყისისა და განვითარების, ასევე მასში შემავალი ციური სხეულებისა თუ სისტემების შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.