პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა და შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

ამას გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.

კალაძე არჩევნების მეორე ტურამდე ამბობდა, რომ არ უსვამდა ხაზს ოპონენტების ნაკლოვანებებს, რის შემდეგაც ოპონენტების აკრიტიკებდა. კერძოდ, მეორე ტურში გადასულ კანდიდატს, ნიკა მელიას "ხულიგნურ პროვოკაციებში" ადანაშაულებდა, ნაციონალურ მოძრაობას კი "ბოლშევიზმის" განსახიერებად მოიხსენიებდა.

კალაძემ მანამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენის გამოყენების მომხრე არ არის. მაშინ, როდესაც მისი თანაგუნდელების და პრემიერმინისტრის წინასაარჩევნო რიტორიკა სრულად ენმ-ის კრიტიკაზე იყო აგებული, ქვეყნის მასშტაბით კი ე.წ. სისხლიანი ბანერები იყო გაკრული, კალაძე ამბობდა, რომ ის ამომრჩევლებს თავის პროგრამას აცნობდა და ვერავინ გაიხსენებს შემთხვევას, როცა სიძულვილის ენა გამოიყენა.