ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებლის, იზა ჩირგაძის გამოკითხვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს. როგორც შსს-მ On.ge-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლითაა დაწყებული.

შსს-ში ამბობენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ჩირგაძის გარდა სხვა პირების დაკითხვისა და სხვა დეტალების შესახებ.

პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

2 ნოემბერს, პრესკონფერენციის მეორე დღეს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ჩირგაძეს ვეღარ უკავშირდებოდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მაც, რომელმაც მისი უფლებების დაცვის მზაობა გამოთქვა, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. 3 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა.

3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჩირგაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არანაირი საფრთხის წინაშე არ ყოფილა. მისივე თქმით, მუქარას ადგილი არ ჰქონია და სოფელში ნათესავის დასახმარებლად იყო ჩასული.

დღეს, 4 ნოემბერს მან ფორმულასთან თქვა, რომ გაჩუმებას აპირებს, მაგრამ "ყველამ ყველაფერი იცის". მისივე თქმით, დაკითხვაზე პოლიციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

გაიგე მეტი: