აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში მარცვლეულის მოსავლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Nature Food გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატება, სათბურის აირების ემისია, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია და წვიმიანი პერიოდების ცვლილება სიმინდისა და ხორბლის მოსავალზე ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს. აღსანიშნავია, რომ ეს თავად მკვლევრებისთვისაც მოულოდნელი იყო.

კვლევის ფარგლებში მათ კომპლექსური კლიმატური მოდელი შექმნეს, რომელიც იმის გასაგებად გამოიყენეს, თუ როგორ შედეგებს ვიხილავთ გლობალური დათბობის გამო 2100 წლის ჩათვლით. ეს მონაცემები მეცნიერებმა მარცვლეულის ზრდის სიმულაციებთან შეაჯერეს და აღმოაჩინეს, რომ 2030 წლისთვის სიმინდის რაოდენობა 24 პროცენტით შემცირდება, ხორბლისა კი 17 პროცენტით გაიზრდება, თუმცა ამ საუკუნის შუა პერიოდში ისიც პირველის ბედს გაიზიარებს. ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაზე უარყოფითად აისახება.

სიმულაციებს სხვა მარცვლეულსა თუ პარკოსნებზე, მათ შორის ბრინჯსა და სოიაზე ამგვარი ზუსტი მაჩვენებლები არ გამოუვლენია, მაგრამ ცხადია, რომ სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.