მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა პენ შუაიმ ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საჯარო პოსტით სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, უფრო კონკრეტულად კი სექსის იძულებაში.

35 წლის ჩოგბურთელი პოსტში წერდა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ხშირად აიძულებდა სექსს და ამ ტიპის ურთიერთობა 10 წელი გრძელდებოდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მისი ტექსტი წაიშალა და სოციალურ მედიაში მხოლოდ "სქრინები" ვრცელდებოდა.

გასათვალისწინებელია, რომ პოსტი ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოციალურ ქსელ Weibo-ზე იყო გამოქვეყნებული. ცნობილია, რომ ჩინეთში ინტერნეტი დიდი ცენზურის ქვეშაა და უმაღლესი ლიდერების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებს განსაკუთრებით აკონტროლებენ ხოლმე.

პენის პოსტს არც მისი წარმომადგენლები და არც მთავრობა ჯერ საჯაროდ არ გამოხმაურებია: სპორტულმა მარკეტინგულმა სააგენტომ APG, რომელიც ჩოგბურთელის წარმომადგენელია, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. მხოლოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტებს და თქვა, რომ ამ საკითხის შესახებ არაფერი იცოდა და ეს საგარეო საქმეებთან დაკავშირებული კითხვაც არ არის.

როგორც სხვაგან ბევრგან, ჩინეთშიც დიდი ხნის განმავლობაში სექსუალურ შევიწროებისა და ძალადობის შემთხვევები ტაბუირებული თემა იყო, სანამ 2018 წელს მოძრაობა #MeToo არ დაიწყო, როდესაც პეკინის კოლეჯის სტუდენტმა პროფესორი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დაადანაშაულა და შემდეგ მსგავსი შემთხვევები სხვადასხვა სფეროშიც გამომჟღავნდა.

პენის პოსტს Weibo-ზე თავიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ რაც პოსტი წაიშალა, განხილვებმაც იკლო. ასევე დაიბლოკა სხვა აპლიკაციები, რომლითაც მომხმარებლები პენის პოსტის "სქრინს" ერთმანეთს უზიარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პენის ანგარიში ხელმისაწვდომია, მას კომენტარებისა და გაზიარების ფუნქცია გამოურთეს და სხვები მხოლოდ მის ძველ პოსტებს ხედავენ.