დევიდ ლინჩის ფილმი მალჰოლანდ დრაივი წელს თხუთმეტი წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, კინოთეატრებმა გადაწყვიტეს ფილმის ერთგულ მაყურებლებს სიურპრიზი მოუწყონ და საკულტო ფილმი დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ ნახვის საშუალება მისცენ.

პირველი სეანსი 14 აპრილს, დიდი ბრიტანეთის კინოთატრებშია ჩანიშნული.

მალჰოლანდ დრაივი ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერია, რომელშიც მთავარ როლებს ნაომი უოტსი, ლაურა ჰერინგი და ჯასტინ ტერუ ასრულებენ.

ფილმი ახალბედა მსახიობი ბეტი ელმსის ისტორიას გვიყვება, რომელიც ლოს-ანჯელესში ახალი ჩასულია, სადაც უმეგობრდება რიტას, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და მეხსიერება დაკარგა. ისტორია მოიცავს მოკლე იმპრესიონისტულ სცენებს, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს სხვადასხვა გზებით უკავშირდება, ისევე როგორც, რამდენიმე სიურრეალისტურ სცენასა და მეტაფორას, რომლებიც მიანიშნებენ შეფარულ სიუჟეტურ ხაზზე.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ლინჩმა უარი თქვა, აეხსნა თუ რა იყო მისი განზრახვა სიუჟეტთან მიმართებაში, რითაც მაყურებელი, კრიტიკოსები და სამსახიობო კოლექტივი დაბნეული დატოვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ფილმში.