ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს არსებულ რეგულაციებს. მისი თქმით, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ასე პასუხობს ის ჟურნალისტის კითხვას, მწვანე საშვის შემოღების შემთხვევაში, შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები აღარ იყოს.

"მწვანე პასპორტის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც დღეს დაწესებულია კოვიდის მართვისთვის, ძალაში რჩება. მწვანე პასპორტი არცერთ შემთხვევაში, მით უმეტეს, ამ მიმდინარე რთულ ეპიდემიურ სიტუაციაში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთ რეგულაციას", — განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს ვაქცინაცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დამატებითი შეზღუდვების შემოღება აღარ დასჭირდეთ. თუმცა გაბუნიას განცხადებით, თუ ეპიდემიური სიტუაცია უკონტროლო გახდა, გარანტია ვერავის ვერ ექნება, რომ შეზღუდვებზე საუბარი არ იქნება.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის დღეს ვაცქინაცია და სხვა ყველაფერი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აღარ დაგვჭირდეს რაღაცა მკაცრი, თუნდაც წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება. თორემ თუ ეპიდემიური სიტუაცია უკონტროლო გახდა, ბუნებრივია, სხვა ქვეყნებმა გამოიყენეს ისევ და ისევ შეზღუდვების რეჟიმი. ამის გარანტია, რომ საერთოდ გამორიცხულია ჩვენ დამატებით შეზღუდვებზე ვილაპარაკოთ, არავის არ შეიძლება ჰქონდეს", — აღნიშნა მან.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა, დღევანდელი სხდომის მთავარი თემა სწორედ მწვანე პასპორტების კონცეფცია იყო. კერძოდ, მისი თქმით, მსჯელობენ, როგორ იმოქმედებს ის სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე, ფინანსურ და ეკონომიკურ, ასევე, ბიზნეს აქტივობაზე.