წალენჯიხაში ინვესტიციებით ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც დაინტერესდა. როგორც მან On.ge-ს განუცხადა, წალენჯიხის მერთან, გიორგი ხარჩილავასთან იმ პროექტებზე მუშაობა აინტერესებს, რომლის განხორციელებაც ამ ქალაქში შეიძლება.

დღეს, 4 ნოემბერს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დაპოსტა, რომ თემურ ჭყონიასგან მიიღო შეტყობინება: "მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ". იმის გასარკვევად, თუ რა გეგმები აქვს ჭყონიას წალენჯიხაში, On.ge მას დაუკავშირდა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, სურს, ჩავიდეს ქალაქში, სიტუაცია შეისწავლოს და აინტერესებს, რა შედეგს მისცემს ბიზნესს დამოუკიდებელი მერი.

"რამდენი მერი იქნება წარმატებული, ყველგან ვერ გადავსახლდები. აქედან გამომდინარე, მე თვითონ პიროვნულად, როგორც ბიზნესმენს დამაინტერესა იმ მერთან მუშაობა, რომელიც ასეთი კრეატიული ტიპი აღმოჩნდა. მაინტერესებს, რამდენად დამოუკიდებელი იქნება რაღაც-რაღაც გადაწყვეტილებების მიღებებში.

წალენჯიხაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მინდა ჩავიდე, გადავხედო, შევისწავლო და ძალიან მოვინდომებ, რომ ის პროგრესიული მიმართულებები, კოალიციური მთავრობის მმართველობა რასაც ქვია, პროგრესიულია ხო, მინდა რომ ამაში მონაწილეობა მივიღო. არავითარი სხვა მიზანი არა მაქვს, ბიზნესინტერესი გამიჩნდა, ამას ქვია ბიზნეს აზარტი. მაინტერესებს, დამოუკიდებელი მერი რა შედეგს მისცემს ბიზნესს", — განაცხადა მან.

კითხვაზე, სხვა კომპანიების მსგავსად, ხომ არ აპირებს კოკა-კოლას იურიდიული მისამართი წალენჯიხაში გადაიტანოს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არა.

"ჩვენი ვალდებულებაა არა ოფისების წანწალი აქეთ-იქეთ, არამედ ყველა რეგიონში სწორი ინვესტიციების გაკეთება და განვითარება", — აცახდებს ის.