შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის წესების მიხედვით, მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი მოსთხოვოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონის ქვეყნებში თვითმფრინავით ჩაფრინდება და ევროპის ქვეყანაში ყოფნისას მანქანას შეიძენს, მას შეეძლება ბილეთის ყიდვის გარეშე, საკუთარი მანქანით დაბრუნდეს საქართველოში.

"თუ მანქანით ბრუნდება უკან, მას დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთი არ დასჭირდება, თუმცა ეს უნდა დაადასტუროს სპეციალური დოკუმენტაციით" - უთხრეს On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტებიდან, ერთ-ერთი, შესაძლოა იყოს მყიდველსა და გამყიდველს შორის მეილით კორესპონდენცია, სადაც ჩანს მანქანის ყიდვის თაობაზე მიღწეული შეთანხმება, ან დოკუმენტაცია, მანქანის დაჯავშნის თაობაზე.

"ეს დოკუმენტაცია მისაღები იქნება მესაზღვრისთვის" - გვითხრეს საკონსულო დეპარტამენტში.

ამავე თემაზე: