აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 3 ნოემბერს,
პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის შემდეგ, ბალხამიშვილის სახლში დაბრუნებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბალხამიშვილს თავს გუშინ, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც ის ჰყვება, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქციიდან მომავალს სამი ადამიანი დაედევნა. მისი თქმით, თავდამსხმელები ეუბნებოდნენ, რომ Facebook-ზე მისი აქტიურობა "გამაღიზიანებელი იყო", რის გამოც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო გირჩი — მეტი თავისუფლების აქტივისტის ცემის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. დაზუსტების შემდეგ სათაური შეიცვალა.