ნეტფლიქსი ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის შესახებ ახალ სერიალს გვიმზადებს და თანდათანობით მთავრი როლების შემსრულებლებსაც გვაცნობს. ამჯერად კი ცეცხლის მრისხანე მბრძანებლის, ოზაის რიგია. ნეტფლიქსის მიხედვით, ოზაის Lost-ის მსახიობი და ჯინის როლის შემსრულებელი დენიელ დაი კიმი განასახიერებს.

აღსანიშნავია, რომ დენიელ დაი კიმს ავატარზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. მსახიობი ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელში გენერალ ფონგს ახმოვანებდა, ხოლო ანიმაციურ სერიალში ავატარი: ლეგენდა კორაზე — ჰიროში სატოს.

ნეტფლიქსის ახალ სერიალში მონაწილეობას გორდონ კორმიე (აანგი), კიავენტიიო (კატარა), იენ ოუსლი (სოკა) და დალას ლიუ (ზუკო) მიიღებენ.

სერიალზე მუშაობის დაწყების შესახებ ნეტფლიქსმა თავდაპირველად 2018 წელს განაცხადა. თუმცა, გასულ წელს კომპანიას ავატარის შემქმნელებთან, მაიკლ დანტე დიმარტინოსა და ბრაიან კონიეცკოსთან, "შემოქმედებითი ხედვების აცდენის" გამო უთანხმოება მოუხდა.

ვატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი 2005 წელს გამოვიდა. ანიმაციურმა სერიალმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და ანიმაციურ სამყაროში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ნამუშევრად რჩება. 2012 წელს მისი გაგრძელება, ავატარი: ლეგენდა კორაზე გამოვიდა, რომელიც აანგის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე, ახალი ავატარისა და მისი მეგობრების ისტორიას მოგვითხრობს.

ნაით შიამალანის 2010 წელს გამოსული ფილმის შემდეგ ნეტფლიქსის ახალი სერიალი ავატარის პირველი "ლაივ-ექშენ" ეკრანიზაციაა. ნეტფლიქსის პროექტის შემქმნელის, ალბერტ კიმის განცხადებით, ტექნოლოგიები იმ დონემდე განვითარდა, რომ სერიალს ახლა არა მხოლოდ ანიმაციაში შექმნილის ზუსტად გადმოცემა, არამედ სამყაროსათვის სხვა ხიბლის მიცემაც კი შეუძლია.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს მაყურებელი სერიალს.

ამავე თემაზე: