პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის ამ ფორმითა და ამ დროს არჩევა გაუგებარი ნაბიჯია, როცა ცნობილია, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს ამას სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით.

"დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან. ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს.

როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა", — განაცხადა მან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

2 ნოემბერს იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, სადაც ხაზი გაესვა, რომ იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრი მაშინ აირჩიეს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, თან იმის ფონზე, როცა საბჭოს წევრების ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევაზე განცხადებები გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.

აქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებულ მცდელობას შეინარჩუნოს გავლენები.