საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კორონავრუსის საწინააღმდეგოდ და მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად მკაცრი ზომების გატარებისკენ მიუწოდებს.

"მივმართავ ხელისუფლებას, რათა, სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული, სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის, და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის", — განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ამასთან, ზურაბიშვილმა მედიას ვაქცინაციის პრობლემის აქტიური გაშუქებისკენ, სამოქალაქო სექტორს გააქტიურების, ხოლო პარტიებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეწინააღდეგება ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას, რადგან, მისი თქმით, ეს უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე მყოფ მოსახლეობას დააზარალებს. ზურაბიშვილმა მოუწოდა საპატრიარქოსაც, რომ მრევლს აცრისკენ მკაფიო მითითება მისცენ.

"მედიას მივმართავ, რათა, გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად, სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიას მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი, სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე", — დასძენს ის.

NCDC-ის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36,6%, სრულად კი აცრილია — 33,1%. დღიურად აიცრა 3 868 ადამიანი.

საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.

უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.