ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლობლები მესამე დღეა ეძებნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

დღეს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, ის კომისიის წევრთან საუბარს აპირებდა, ამის შესახებ კი სატელეფონო საუბარში თავის მეგობრებს უთხრა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, მეზობლებისგან ჩირგაძის პოლიციაში გადაყვანის შესახებ შეიტყო და ადგილზე მივიდა, თუმცა ჩირგაძე პოლიციის შენობიდან "გააპარეს".

"მე ასეთი ისტორია ბელორუსშიც არ მახსოვს. სამი დღეა ვეძებთ ამ ადამიანს, გუშინ მივაკვლიეთ სოფელში და ვიცოდით, რომ უსაფრთხოდ იყო, თუმცა, მე დღეს მაინც მადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ იყოს ეს ადამიანი ძალადობის მსხვერპლი. და შემდეგ უკვე დღეს, შუადღეს, სატელეფონო საუბრებში მეგობრებს ვუთხარი, რომ ვაპირებდი მასთან გასაუბრებას, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე, ხომ არ ჰქონდა რამე ზეწოლის ნიშნები. ასევე, სამართლიანი არჩევნების უფლებადამცველი სპეციალურად ეძებდა მას, იმიტომ, რომ იგი არის მისი უფლებების დაცვისთვის გამოყოფილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მითხრეს მერე მეზობლებმა, ადგილობრივებმა, პოლიციამ წაიყვანა ყოველგვარი ადვოკატის გარეშე. ვეძებდით სამხარეოში, ვეძებდით სხვადასხვა ადგილას და ბოლოს ქალაქის სამმართველოში როდესაც მოვედით, დაგვხვდა იმედი და რუსთავი 2 მხოლოდ და აქედანაც გააპარეს, ანუ, იმიტომ, რომ მე და ადვოკატს არ გვენახა, აქედანაც გააპარეს", — განაცხადა მან მთავარ არხთან.

პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 2 ნოემბერს, პრესკონფერენციის მეორე დღეს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ჩირგაძეს ვეღარ უკავშირდებოდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მაც, რომელმაც მისი უფლებების დაცვის მზაობა გამოთქვა, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

უკვე დღეს, 3 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში მეზობლებმა დაინახეს.

გაიგე მეტი: