ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება საარჩევნო კომისიის წევრ იზა ჩირგაძესთან დაკავშირებით ტყუილია. მდინარაძის თქმით, თუ ჩირგაძე ნამდვილად ზეწოლის მსხვერპლი იყო, მაშინ მესამე დღეს არ უნდა ეთქვა ამის შესახებ. დეკანოიძე კი ამბობს, რომ იზა ჩირგაძემ კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების დღეს მიმართა, მაგრამ მისგან რეაგირება არ ყოფილა.

"ტყუილს ავრცელებს ბატონი მდინარაძე. იზა ჩირგაძემ არჩევნების პროცესშივე მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს. მისგან რეაგირება არ ყოფილა. ამის შემდეგ, იმავე საღამოს დაუკავშირდა ოპოზიციის წარმომადგენელს. ამივიღოთ მისი სატელეფონო გზავნილები კომისიის თავჯდომარესთან. ჟურნალისტებს მარტივად შეუძლიათ ამ ინფორმაციის გადამოწმება, როცა იგი საუბრობს", — წერს დეკანოიძე.

პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით ქუთაისში გირჩი — მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს. მისი თქმით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჩირგაძის მიმართ ზეწოლას აპროტესტებდა.

პრესკონფერენციის მეორე დღეს, 2 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძე მათი შტაბიდან სახლში წავიდა, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა სამართლიანმა არჩევნებმაც. ორგანიზაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები და აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებას 2 ნოემბრის დილიდან ვეღარ ახერხებედნენ.

უკვე დღეს, 3 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზა ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფება. მედია სოფლის დასახელებას არ ასაჯაროებს და მეზობლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩირგაძე იქ, სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად არის.

გაიგე მეტი: