მას შემდეგ რაც Ethereum-მა და სხვა წამყვანმა კრიპტოებმა რეკორდული ფასი დააფიქსირეს კრიპტოვალურების ბაზრის კაპიტალიზაციამ ოთხშაბათს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

CoinMarketCap-ის მიხედვით, საერთო ბაზრის ღირებულება ახლა $2.75 ტრილიონს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიპტოსამყარო მსოფლიოს წამყვან კომპანიებზე მეტად ფასობს.

Ehtereum-მა გასულ დღეებში მარათონი მოიწყო და 4 600 დოლარიანი ნიშნული გადალახა, მან თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ეთერიუმის კაპიტალიზაცია 550 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამით Ethereum უფრო მაღლა დგება, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე ბანკი JPMorgan Chase. ეთერიუმი კაპიტალიზაციით Visa-ს, Mastercard-სა და PayPal-საც უსწრებს.

ეთერიუმის ზრდა მისი ბლოკჩეინის მოქნილობამ გამოიწვია. კრიპტოსამყაროში პოპულარული გახდა NFT-ები და დეცენტრალიზებული აპლიკაციები. მათი შექმნა კი სწორედ ეთერიუმის ბლოკჩეინის გამოყენებითაა შესაძლებელი.

არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტექნოლოგიას გამოიყენებს ტექნოლოგიური გიგანტი Meta, რომელსაც აქამდე Facebook-ის სახელით ვიცნობდით. მარკ ცუკერბერგს მეტავერსის შექმნა სურს, ამისთვის კი ბლოკჩეინ ტექნოლოგია იდეალური ვარიანტია. მის მიერ შექმნილ სამყაროში ადამიანები საკუთრების შენახვას NFT-ების სახით შეძლებენ.

ბიტკოინს ახალი რეკორდული მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია. მან ოქტომბერში 67 000 დოლარიანი ნიშნული დააფიქსირა, შემდეგ კი ფასმა დაიწია. ამჟამად მისი სავაჭრო ფასიც იზრდება, თუმცა ჯერ 63 000-სა და 64 000-ს შორის მერყეობს.

კრიპტო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2021 წელი ბიტკოინისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ისტორიულმა კრიპტოვალუტამ, შესაძლოა, 6 ციფრიან ნიშნულსაც მიაღწიოს და 2021 წელი 100 000-იანი ნიშნულით დახუროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე