ქვეყანაში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,8% იყო. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში 15 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 12 სურსათს მიეკუთვნება.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,73%-იანი წვლილი შეიტანა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა.

ასეთია იმ 15 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც ოქტომბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. ბადრიჯანი — გაძვირდა 128,1%-ით;
  2. პომიდორი — გაძვირდა 117,2%-ით;
  3. კომბოსტო — გაძვირდა 89,2%-ით;
  4. თერმომეტრი — გაძვირდა 60,4%-ით;
  5. ჭარხალი — გაძვირდა 56,2%-ით;
  6. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 52,3%-ით;
  7. კიტრი — გაძვირდა 46,3%-ით;
  8. ქლიავი — გაძვირდა 45,6%-ით;
  9. კარტოფილი — გაძვირდა 44,5%-ით;
  10. ლურსმანი — გაძვირდა 44,1%-ით;
  11. ბენზინი — გაძვირდა 42,6%-ით;
  12. სტაფილო — გაძვირდა 41,8%-ით;
  13. მწვანილი — გაძვირდა 41,7%-ით;
  14. კვერცხი — გაძვირდა 38,7%-ით;
  15. წიწაკა — გაძვირდა 35,8%-ით.

გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 256 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიაფდა 24 დასახელების პროდუქტი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 12,3% იყო, აგვისტოში — 12,8%, ივლისში — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაზარდა. მას შემდეგ სებ-მა ეს განაკვეთი ორჯერ დატოვა უცვლელად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.

გაიგეთ მეტი: