საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. ოქტომბერში ფასების საერთო დონე 12,8%-ით არის გაზრდილი, ხოლო თვიური ინფლაცია 1,3%-ია. ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო.

ფოტო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,73%-იანი წვლილი შეიტანა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 12,3% იყო, აგვისტოში — 12,8%, ივლისში — 11,9% იყო, ივნისში — 9,9%, მაისში — 7,7%, ხოლო აპრილსა და მარტში — 7,2%.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დარეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე გაიზარდა. მას შემდეგ სებ-მა ეს განაკვეთი ორჯერ დატოვა უცვლელად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში 13,05%-იანი ინფლაცია იქნება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს.

როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი, ანუ დასაშვები დონე 3%-ია. ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლიდან ელოდება.