ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, იუსტიციის საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება, ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.

განცხადებაში საუბარია 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ და რომელსაც, ეუთო/ოდირის შეფასებით "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა". ასევე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში.

ჰარცელის თქმით, უკან გადადგმულ ნაბიჯებს შორისაა, 7 სექტემბერს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა და კიდევ ერთი, დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.

მათი დანიშვნები არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს მოხდა და მხოლოდ 4 დღე იყო გასული, მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა.

"ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს", — წერია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი — საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს საქართველოში, თუმცა დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევაზე განცხადებები გაავრცელა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის შეფასებით, მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ორი ახალი წევრის ვადაზე ადრე დანიშვნა გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.

ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებულ მცდელობას შეინარჩუნოს გავლენები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს — პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. ისინი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

გაიგე მეტი: